სიღნაღის მუზეუმი

ისტორია

სიღნაღის მუზეუმი დაარსდა 1947 წელს, როგორც ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ექსპოზიცია გაიხსნა 1950 წლის 31 დეკემბერს. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 700-ს ითვლიდა და წარმოდგენილი იყო ისტორიის, სოციალური მშენებლობისა და ბუნებისმეტყველების განყოფილებები. წლების მანძილზე ივსებოდა მუზეუმის ფონდი. 1967 წლიდან მუზეუმთან გაიხსნა სამხატვრო გალერეა,  რომელსაც ცნობილმა თუ დამწყებმა მხატვრებმა შემოსწირეს 600-მდე მხატვრული ტილო თუ სკულპტურა.
ეთნოგრაფიული კოლექცია გამდიდრდა კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით შესყიდული და მოსახლეობის მიერ შემოწირული ნივთებით და ამჟამად შეადგენს 5000 ერთეულს. კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, სპილენძისა და ხის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლითა და ნივთებით, სასოფლო-სამეურნეო იარაღებითა თუ მეღვინეობის კულტურის შესაბამისი მასალით. ფონდებში ასევე დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა_ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვ.
სიღნაღის მუზეუმის ფონდებშია დაცული ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, დაახლოებით 2000 ერთეული, მათ შორისაა უძველესი სასანიდური მონეტები, თამარის, ლაშა_გიორგის, ერეკლეს მიერ მოჭრილი მონეტები;  ბონისტიკური და ჰერალდიკური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენების სახით.
მუზეუმის ფონდი მდიდარია ფოტო და დოკუმენტური კოლექციებით (დაახლოებით 50 000 ერთეული). აქ   დაცული არქეოლოგიური ექსპონატების გარკვეული რაოდენობა შემთხვევით მონაპოვარი და შემოწირულობაა.
1973 წელს შეიქმნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან არსებული კახეთის არქეოლოგიური კვლევის ბაზა, რომელიც ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებდა კახეთის რეგიონში. აღნიშნულმა ექსპედიციამ უმდიდრესი მასალა შესძინა სიღნაღის მუზეუმს სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურათა ნიმუშების სახით, რომელთაგან აღსანიშნავია: ენეოლითური, ადრებრინჯაოს _ მტკვარ-არაქსული, მარტყოფული, ალაზან_ბედენური, თრიალეთური თუ გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, საკულტო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა მასალა.
მუზეუმი 2007 წელს შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. შენობა სრულად შეკეთდა, დამონტაჟდა უსაფრთხოების სისტემები, მოეწყო ახალი ექსპოზიციები, შეივსო მუზეუმის ფონდები და ამჟამად ის ითვლის 60 000 ექსპონატს.

სიღნაღის მუზეუმი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური, შუა საუკუნეების, ეთნოგრაფიული და ფიროსმანის ნახატთა მუდმივმოქმედი ექსპოზიციები.  მუშაობს დროებითი საგამოფენო დარბაზიც, სადაც 2009 წელს მოეწყო პაბლო პიკასოს ნამუშევრების, 2010 წელს კი დასავლეთ ევროპის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან.
დღეს სიღნაღის მუზეუმი კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციაა  და საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

"ლადო გუდიაშვილის მხატვრობა"

ექსპოზიცია "ლადო გუდიაშვილის მხატვრობა", წარმოადგენს წინა პერიოდისაგან განხავევბულ სტილუსტურ თავისებურებს. ეს არის მხატვრის შემოქმედების მეორე პერიოდი, როდესაც წინაპლანზე მოდის ფერწერულობა და პლასტიკური ღირებულებები. კონცეპტუალურად გამოფენა ასახავს ლ. გუდიაშვილის შემდეგომ მნიშვნელოვან პერიოდის სტილისტურ თავისებურებას.  

"ნიკო ფიროსმანი"

სიღნაღის მუზეუმის მთავარ ღირშესანიშნაობას და სიამაყეს XIX-XX საუკუნის მიჯნის თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის  (ფიროსმანის) ნამუშევრების მდიდარი კოლექცია წარმოადგენს.

"შუა საუკუნეების არქეოლოგია"

შუა საუკუნეების გამოფენაზე წარმოდგენილია მე-4 - მე-18 საუკუნეების აღმოსავლეთ იბერიის დასახლების ქალაქის ცხოვრებას (ხორანთა, ნეკრესი, გავაზი, არეში, გრემი და ჭერემი)

"ეთნოგრაფია"

სიღნაღის მუზეუმში, მუდმივ მოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული მასალები: მუსიკალური ინსტრუმენტები, იარაღები, სამოსელი და ცხოვრების სტილის ამსახავი ნივთები.
12 ოქტომბ. 2012 – 25 ოქტომბ. 2012

„საგანძური“ : ფოტოგამოფენა და სპეციალური შემეცნებითი პროგრამა

2012 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გაიმართება ფოტოგამოფენა "საგანძურის" პრეზენტაცია
29 ოქტომბ. 2011 – 15 მაისი 2012

“საქართველოთი მონუსხული”

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯონ უერდმანის (ამერიკა), ილია იაჩენკოსა (რუსეთი) და ივან კუგაჩის (უკრაინა) 60-მდე რეალისტურ-იმპრესიონისტული ფერწერული ნამუშევარი _ პეიზაჯი, პორტრეტი, ნატურმორტი. გამოფენა სანახაობრივად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ნახოს სამი სხვადასხვა ეროვნების ხელოვანის თვალით დანახული საქართველო. 
31 მაისი 2009 – 31 მაისი 2009

პიკასო საქართველოში

2009 წლის 31 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საფრანგეთის იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭო სიღნაღის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე "პიკასო საქართველოში".

ინფორმაცია მოპოვებულია http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=52
 google-დან

No comments:

Post a Comment